კონკურენციის სააგენტომ დააგდინა, რამ გამოიწვია 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა

პუბლიკა

კონკურენციის სააგენტო აცხადებს, რომ შეისწავლეს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის ფაქტორები და დაადგინეს, რომ 1 წლისა და 7 თვის წინ პურის ფასის ზრდა „კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”. გთავაზობთ სააგენტოს განცხადებას:

„საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყურადღება გამახვილდა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე.

პურისა და ფქვილის მწარმოებელ ეკონომიკურ აგენტებთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, სააგენტოს მიერ განისაზღვრა მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: 1. პურის ბაზარი 2. ფქვილის ბაზარი – 3. ხორბლის ბაზარი – შესწავლილ იქნა ხორბლის იმპორტი, საბითუმო მიწოდება, წარმოება, ხორბლის იმპორტის გზები, ხორბლის მარაგები და ა.შ.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის – ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.
მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა ხორბლის მარაგების რაოდენობრივ საკითხზეც, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის შემთხვევაში, ხორბლის მარაგი შესაძლოა წარმოადგენდეს ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის მაბალანსირებელ ფაქტორს. შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის – განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.

მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა – საქართველოს 8 გუბერნიიდან და 65 მუნიციპალიტეტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ფქვილისა და პურის მწარმოებელი კომპანიებიდან, ენერგომომარაგების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებიდან, ასევე ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციებისგან, დისტრიბუტორი კომპანიებისგან, კომერციული ბანკებიდან და ა.შ.

მონიტორინგის მთავარი მიზნის, პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზის პროცესში, სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”, – წერს სააგენტო.