კონსერვატორია წულუკიანს მიმართავს, გააუქმოს ბრძანება, რომლითაც რექტორის არჩევნების პროცესი შეჩერდა

პუბლიკა

კონსერვატორიის აკადემიური საბჭო კულტურის სამინისტროს განცხადებით მიმართავს და სთხოვს, გააუქმოს კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე თავისივე დადგენილება.

„რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით.“ – ნათქვამია კონსერვატორიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აკადემიური საბჭოს 6 წევრი აწერს.

მათი თქმით, სწორედ ამ წესით ფორმირებული აკადემიური საბჭო ირჩევდა კონსერვატორიის რექტორს წლების განმავლობაში.

აკადემიური საბჭოს განცხადებით, წულუკიანის ბრძანება ავალებს კონსერვატორიას, ცვლილება შეიტანოს წესდებაში და სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.

„სამინისტროს პოზიციით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიმართოს რექტორის არჩევნები, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, აღნიშნული სტატუსი ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას, ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს წევრთა განცხადებით, „სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან, და მიგვაჩნია, რომ ცენტრისთვის სამომავლოდ განსასაზღვრი სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი“

აკადემიური საბჭოს 6 წევრი (სულ 7 წევრია საბჭოში) კულტურის მინისტრს სთხოვს, გააუქმოს მისი დადგენილება კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების შეჩერების შესახებ.

სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით. მათგან ექვსმა (6) მხარი დაუჭირა ზემოთ აღნიშნული განცხადების ტექსტს:

  1. ნანა შარიქაძე – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
  2. მარინა ქავთარაძე
  3. გვანცა ღვინჯილია
  4. გიორგი (გოგა) შავერზაშვილი
  5. მერი ჟვანია
  6. ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე