კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო, – ამის შესახებ განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
10 ოქტომბერს კონსერვატორიამ განაცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა კულტურის მინისტრის ბრძანების შეჩერების შესახებ; ხოლო ვინაიდან მოქმედ რექტორს ვადა 11 დღეში ეწურება, კონსერვატორია წერს, რომ სასამართლო განხილვა აზრს კარგავს.
სამინისტროს განცხადებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ კონსერვატორია სათანადო სამართლებრივ დოკუმენტაციას არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში.
საკითხი ეხება წესდებაში ცვლილებას – კონსერვატორიაში არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭებას და აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრით გაზრდას.
კონსერვატორიას კი მიაჩნია, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭება არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.
შესაბამისად, კონსერვატორია არ იზიარებს სამინისტროს ბრალდებებს, რომ 2019 წელს რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდა და 2023 წელსაც ხარვეზებით ჩატარებით იგეგმებოდა.
კონსერვატორია ასევე აღნიშნავს, რომ წესდების პროექტი 2022 წელს წარუდგინა სამინისტროს. მათი თქმით, წესდების პროექტი ითვალისწინებდა, მათ შორის, სტრუქტურის რეფორმას, თუმცა როგორც კონსერვატორია წერს, 25 სექტემბრამდე ანუ, რექტორის საარჩევნო პროცესის დაწყებამდე დაახლოებით 15 თვის განმავლობაში, სამინისტროს არ მოუხდენია წესდების პროექტზე რაიმე სახის რეაგირება, მათ შორის, არ დაუბრუნებია შენიშვნები. მათ ასევე შეკითხვები აქვთ ინსტიტუციის ავტონომიურობასთან მიმართებით.