კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას 2 კანდიდატი იღებდა – პროფესორი გიორგი შავერზაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია ვირსალაძე. აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი გოგი შავერზაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.

გოგი შავერზაშვილი საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორია. მომავალი 6 თვის განმავლობაში, ახალი არჩევნების დანიშვნამდე, კონსერვატორიას ის უხელმძღვანელებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის შავერზაშვილმა კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც დაწესებულების გვერდზე გამოქვეყნდა. გეგმა 13 პუნქტიანია.

სტუდენტის ინტერესებზე ორიენტირებული სამეცადინო სივრცისა და ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობასთან ერთად, კანდიდატი დოკუმენტში კონსერვატორიის აკრედიტაციის დასრულებაზე და მომავალი ავტორიზაციისთვის მზადების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს და იქვე კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან“, – წერს გიორგი შავერზაშვილი.

გიორგი შავერზაშვილი ბოლო 6 წლის განმავლობაში კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრი იყო. ის ერთ-ერთია,ვინც ხელს აწერდა მინისტრის სახელზე, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ მომზადებულ წერილს, სადაც წულუკიანს კონსერვატორიაში არჩევნების შეჩერებაზე გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

——————————-

მიმდინარე წლის ოქტომბერში კონსერვატორიაში უნდა ჩატარებულიყო რექტორის არჩევნები, თუმცა, მოულოდნელად, 26 სექტემბერს კონსერვატორიამ არჩევნების პროცესის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, მიზეზად კი თეა წულუკიანის ბრძანება დაასახელა.

სამინისტროს განცხადებით, კონსერვატორიაში საარჩევნო პროცედურა კანონის შესაბამისად არ ჩატარებულა. წულუკიანი კონსერვატორიას ავალებდა, მის მართვაში მყოფი კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისთვის განესაზღვრა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი, რასაც წესდებაში ცვლილებების შეტანა სჭირდებოდა.

კონსერვატორიის აკადემიური საბჭო სამინისტროს პოზიციას არჩევნების კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ წარმართვაზე არ იზიარებდა და ამბობდნენ, რომ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არჩევნების პროცესთან კავშირი არ იყო და ის არ უნდა გამხდარიყო რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს პოზიცია სამინისტრომ არ გაიზიარა და სამუშაო რეჟიმში დაწესებულებასთან წესდებაში ცვლილებების პროექტზე მუშაობა დაიწყო.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მინისტრის დადგენილების გაუქმებაზე კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრის ბრძანების მოქმედების შეჩერება და სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს, კონსერვატორიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასა და მათ უფლებამოსილებაში ჩარევას, თუმცა სასამართლომ კონსერვატორიის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონსერვატორიამ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოიხმო.

წინა რექტორს, ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება 21 ოქტომბერს ამოეწურა და ამის შემდეგ დაინიშნა კონკურსი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დასაკავებლად.