თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მე მგონი საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს სჭირდება. ასე მგონია ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ – ის რაც ხდება არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში. მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის, რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და „დაზავების“ ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით.“ – წერს შარიქაძე.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე კონსერვატორიის რექტორად 2019 წელს აირჩია სამეურვეო საბჭომ, 4 წლის ვადით.
რა ხდება კინოცენტრში?
კინოცენტრში 10 ივნისს რეორგანიზაცია გამოცხადდა. წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელსაც კინოსექტორში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროპაგანდისტული არხის POST TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. მათ მხარდაჭერას უცხადებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეთა თქმით, რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი ბუნდოვანია და ამ პროცესის მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაა.
19 ივნისს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადებით მოითხოვეს კობა ხუბუნაიასთან შეხვედრა იმ დათქმით, რომ ის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით გავრცელდეს.
კინემატოგრაფისტები შეხვედრას 20 ივნისს, 18:00 საათამდე დაელოდებიან.
„დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შევეხებით ჩვენს მოთხოვნებს: 1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. 2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით“, – აცხადებენ კინემატოგრაფისტები.