„კონსტიტუციის 78-ე მუხლი“: დღეს ბევრად მწვავე ფორმას იღებს საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები

პუბლიკა

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „კონსტიტუციის 78-ე მუხლმა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განცხადება გააკეთა.

კახა სამხარაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. მათი თქმით, სახალხო დამცველი საჯარო მოხელეებს დაცვის ეფექტიან მექანიზმს ვერ სთავაზობს, ცენტრალური პროფკავშირები კი „78-ე მუხლს“ რეესტრში რეგისტრაციაში ხელს არ უწყობს.

სამხარაძის თქმით, საჯარო მოხელეები საზმაუს ეთერს მოითხოვენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და ვაცხადებთ ერთად, რომ გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ მწვავე რეალობას, რომელიც ჩვენს წინაშეა, საჯარო მოსამსახურეების წინაშე.

დღეს ბევრად მწვავე ფორმას იღებს ის რეპრესიები, რომელიც საჯარო მოსამსახურეების მიმართ ხორციელდება. თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში ამ კვირაში უამრავი თანამშრომელი გაუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ღიად დააფიქსირეს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა.

ამ ბრიფინგით გვინდა, ასევე გამოვეხმაუროთ იმას, რასაც ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გავეცანით – სახალხო დამცველის პოზიციას. სახალხო დამცველი რეალურად ვერ გვთავაზობს ეფექტიან მექანიზმს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო მოხელეების უფლებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ღიად მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მათ შორის, იმ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, სახალხო დამცველმაც გამოხატოს პოზიცია ღიად და მხარი დაუჭიროს ამ სარჩელს.

გამოვეხმაურებით იმ საკითხსაც, რომ ცენტრალური პროფკავშირები ხელს არ გვიწყობს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში.

გვინდა, საზმაუს მოვუწოდოთ, საჯარო მოხელეებს დაუთმოს ღია ეთერი, რომ ისმოდეს მათი ხმა, რომ საზოგადოებამდე მივიდეს რესპრესიები, რაც მათ მიმართ ხორციელდება, რომ საჯარო მოხელეეების გვერდით არ დგას არც ერთი დამოუკიდებელი გაერთიანება“, – განაცხადა კახი სამხარაძემ.