უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციისთვის შექმნილ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც 25 ათასზე მეტი მოქალაქე აწერდა ხელს.
ზელენსკი პეტიციის ავტორების საპასუხოდ წერს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, ოჯახი განსაზღვრულია, როგორც ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი და საომარი მდგომარეობის გამო ის ვერ შეიცვლება.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პეტიციის ავტორებს სამოქალაქო აქტიურობისთვის და განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში საზოგადოების დემოკრატიულობის დონე იზომება, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას.
ზელენსკის თქმით, ყოველი მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მას აქვს უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება. შესაბამისად, მისი მთავრობა განიხილავს ვარიანტებს სამოქალაქო პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით.
„უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს განეხილა ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობებინა შესაბამისი შედეგების შესახებ“, – წერს ზელენსკი პეტიციის საპასუხოდ.