„აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა შეიზღუდება" — „ოცნების" ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 2 ოქტომბერს უნდა დარეგისტრირდეს „შეკრების და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კვირის ბოლომდე კანონად აქცევს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შეკრების და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას, თუ ის საფრთხეს უქმნის მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აიკრძალება, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ნორმების დარღვევა აქციის მონაწილის შემთხვევაში გამოიწვევს 500-ლარიან ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აქციის ორგანიზატორის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა იქნება 5000 ლარი.

ოპოზიციის ნაწილმა კანონპროექტს უკვე უწოდა „მორიგი რუსული კანონი“.

„დროამ“ და „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს „ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას“.

ოპოზიციის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსტრუქციების მოწყობა ისედაც აკრძალული იყო, ამ კანონპროექტს კი საკითხში სიცხადე შემოაქვს.

„კონსტრუქციების მოწყობა ისედაც შეზღუდული იყო და არის საქართველოში. ამავე დროს ხდებოდა ინტერპრეტაცია, როგორც აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდან, რატომ არის ასე და სხვა შემთხვევაში ისე. ამიტომ მნიშვნელოვანია სიცხადე ამ მხრივ. ინიციირებული პროექტი არის სრულ თანხვედრაში როგორც საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკასთან, ისე საერთაშორისო პრაქტიკასთან და ამავე დროს განპირობებულია იმ რისკებით, რომელიც მათ შორის სუს-ის წარმოებული გამოძიებით, მათ შორის, დღეს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე არის, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, ოპოზიციის პროვოკაციის პრევენციისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია.

„მოისმინეთ, სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების შესანახად და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინფიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვის საფუძველი ისაა, რომ „რევოლუციური პროცესები იგეგმება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით“.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და მას შემდეგ რაც გაეცნობა დეტალურ შეფასებას გააკეთებს.

„როცა საქმე გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. თუ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება“, – თქვა მან.