პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებთან დასრულდა. შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„გვთხოვეს მოსვლა, მოისმინეს ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა გავაკეთოთ, მეტი არაფერი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
მცირე კომენტარი გააკეთა ასევე პარტიის წევრმა, კობა ნაყოფიამ. მისი თქმით, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.
„ჩვეულებრივად კონსულტაციები გრძელდება, მეტი არაფერი. ჩვეულებრივი კონსულტაციები იყო, რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს. მესამე რაუნდი არ ვიცი, იქნება თუ არა ჯერ,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 ნოემბერს კი ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.
ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.