კონსულტანტებისთვის საათში 1,80 ლარის გადახდა დაცინვაა, ამაზე ინიციატივები გვექნება - იოსელიანი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მძიმე შრომით პირობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, ამ საკითხზე „მოქალაქეებს“ მომავალში კონკრეტული ინიციატივა ექნება.

„სიახლეს არ ვიტყვი, რომ ჩვენთან ფარმაცევტულ კომპანიებში, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი – დაახლოებით 300 ლარი. როგორია კომპანიების დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებისადმი? – თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, მაშინ შეუძლიათ დატოვონ ეს სამსახური და სხვაგან ეძებონ. ახალს არაფერს არ ვამბობ, ჩაბრძანდით თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ კონსულტანტებს, გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი. შედით აფთიაქებში და ჰკითხეთ, რამდენი აქვთ ხელფასი. დაახლოებით არის 300 ლარის ფარგლებში. ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არსად არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა მაგალითად მოიყვანა მეზობელი ქვეყნების პრაქტიკა და საქართველოში სახელფასო ტარიფები გააკრიტიკა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, თუმცა შემდგომში კომპანიებისა და მათი მფლობელების ვინაობას აუცილებლად დაასახელებს.

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც რომ გადავხედოთ – სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც არსებობს მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც არ შეიძლება, გადაუხადო. ერთგან 146$, მეორეგან – 143$. მე არ ვარ მომხრე, სახელმიწფომ ვიღაცას რაღაც ძალით მოახვიოს თავზე, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა. ასეთი დამოკიდებულების გამო არის, რომ მერე „მწვანე ბარათზე“ 100 ათასზე მეტ ადამიანს შეაქვს განცხადება და გაქცევა უნდათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ […] ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია… გასაგებია, ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1,80 ლარის გადახდა არის, უბრალოდ, დაცინვა. ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივა ამასთან დაკავშირებით. შემოგთავაზებთ და მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენენ და ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფია“, – განაცხადა იოსელიანმა.