აჭარის ტელევიზიასთან მაუწყებლის ბორდის სხდომის პარალელურად ორი აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს უცხადებს სოლიდარობას, მეორე ნაწილს კი, რომელსაც, აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები შეადგენენ, აჭარის ტელევიზიის მიმართ აქვთ პრეტენზიები.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა მონაწილეობით გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს – სურდათ, თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა, ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ.
ტელევიზიის ცნობით, „ოცნების ქალაქში’“ მცხოვრებთა გარდა, „თითების თეატრთან“ იმყოფებიან პირები, რომლებიც ვინაობას არ ასახელებენ და ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არ იყოს მიკერძოებული, მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ გაკეთებული საქმეები ტელევიზიით არ შუქდება.
ბორდის სხდომა, რომელზეც მაუწყებლის საშტატო განრიგში ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, დილიდან ხმაურით დაიწყო.
მაუწყებელში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლას მოითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა და შესვენება გამოცხადდა.
მაუწყებლის დირექტორმა პროცესები ძალადობად შეაფასა. გიორგი კოხრეიძის თქმით, ბევრ ქვეყანაში მობინგი დასჯადია.
‘„ეს არის პირდაპირი მობინგი, რომელიც ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. საქმე გვაქვს ობსტრუქციასთან, მეტი არაფერი. ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს“ – უთხრა ჟურნალისტებს მაუწყებლის დირექტორმა.
ბორდის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ეთანხმება დირექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტს, საშტატო განრიგში ცვლილებების შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით, დირექტორს სურს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები არიან. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მიაჩნიათ, რომ დირექტორის გეგმები ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა მხარდასაჭერად ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს არაერთ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართა.
კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს.