„კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები“ - „დროა“ და „ლელო“ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა

დღეს, 20 იანვარს, პარტიების „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია-დროა“ ორგანიზებით, კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია სახელოვნებო სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები.

„ნათელია, რომ კულტურის სამინისტროს გეგმებში, სამწუხაროდ, არ შედის შემოქმედებითი ინსტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ პირიქით, მათი დასუსტება, დაშლა, პროფესიონალი კადრების დისკრედიტაცია, დაშინება, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორება, საკადრო წმენდის, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციებისა და კონკურსების გზით. ამას ემატება სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – რასაც ეწირება გელათის მთავარი ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი და არაერთი სხვა ძეგლი“,- ნათქვამია რელიზში.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია – დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ყველა პროფესიონალს, „ვინც საკადრო წმენდის უსამართლო პროცესებს შეეწირა.“

„ამავდროულად, შემუშავების პროცესშია რეპრესიული სისტემის მხილების სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, კულტურის სამინისტროს იძულებას, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პასუხი გასცეს მის მიერ დანაშაულებრივ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არსებულ ყველა კითხვას“,- ვკთხულობთ რელიზში.