„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩევლების ბაზის შექმნაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პასუხობს და განმარტავს, რომ ეს უნდა იყოს ზუსტად ისეთივე ბაზა, როგორიცაა, ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემია შეყვანილი.
კორძაიას განცხადებით, იმ ბაზაში, რომლის შექმნასაც ითხოვენ, შეყვანილი უნდა იყოს იმ ადამიანების პერსონალური მონაცემები, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე.
„ჩვენ გავაჟღერეთ ინიციატივა, რომლის თანახმადაც ვითხოვდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეექმნა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, რომლითაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად საკუთარი პირადი მონაცემების შეყვანის შესაძლებლობა ექნებოდა, შეემოწმებინა მისცა თუ არა ხმა და აისახა თუ არა ეს ხმა. ეს ზუსტად ისეთივე ბაზა უნდა იყოს, როგორიც არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემია შეყვანილი, ხოლო ამ ბაზაში შესაყვანი იქნებოდა იმ ადამიანთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი, რომელმაც გვიპასუხა, რომ თურმე ამ შემთხვევაში, როდესაც კანონის მოთხოვნების დაცვას ვითხოვთ, როდესაც ვითხოვთ, რომ არჩევნებს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ამის ერთადერთი გზა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს მან, სად მისცა და როგორ მისცა ხმა და თავად მისცა თუ არა ხმა, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს ეწინააღმდეგება არჩევნების კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს. მინდა შეგახსენოთ, ამას ლაპარაკობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უბრალოდ ვერ უზრუნველყო ისეთი ხარისხის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა, ისეთი ნიმუშის, რომელიც დაიცავდა ხმის მიცემის ფარულობას”, – თქვა კორძაიამ.
მან ბრიფინგზე აჩვენა სიები, რომლებსაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დაატარებდნენ და ამ სიებში ადამიანების პერსონალური მონაცემები.
ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი პოლიტიკოსების მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა, იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა სიაში, კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს.