კორძაია და ნაცვლიშვილი ეთიკის საბჭოს პაპუაშვილისა და ზარქუას ქმედებების შესწავლისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

„შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს“, – ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია პარლამენტის ეთიკის კომისიას მოუწოდებენ, განიხილოს თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები.

თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და განსაკუთრებით ეს წესები დაიცვას საკუთარი კოლეგების მიმართ.

„ის, რასაც ჩვენ გუშინ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, რა პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენ კოლეგა მამაკაცებს ამ დარბაზში. თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს. ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი მოვუწოდებთ ეთიკის კომისიას, განიხილოს ეს საკითხი და დაადგინოს პარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ამ ეთიკის კოდექსს. გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლასა და შეფასებას პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიერ. ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, განიხილოს ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი და ურჩიოს დატოვონ პარლამენტი“, – განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, ნონა მამულაშვილმა მაგიდაზე ასვლით დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი, კორძაია პასუხობს, რომ მისი ქცევა სავსებით ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, რაც იქ ხდებოდა, უკვე თინა ბოკუჩავას მიმართ იყო ის მოქმედება განხორციელებული, რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური გამოხატვის ფორმა, რადგან უკვე ქალს შეეხნენ ხელით კოლეგა მამაკაცები“, – განაცხადა კორძაიამ და დასძინა, რომ ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, როცა თინა ბოკუჩავას შეეხნენ ფიზიკურად, ნონა მამულაშვილმა ამის შემდეგ გამოიყენა პროტესტის უფრო მძაფრი ფორმა.


18 ივლისის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩაშლის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი მოუწოდებენ, პარლამენტის ეთიკის საბჭოს, შეუწყვიტონ უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.

გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.