პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონდარღვევით მოიპოვა ხელისუფლება, კანონდარღვევით ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება და კანონდარღვევით ტოვებს დეპუტატებს პარლამენტში.
„თავისუფალი ნება და თავისუფალი მანდატი ნიშნავს იმას, რომ მე მინდა გამოვიყენებ, არ მინდა – არ გამოვიყენებ. მე თვითონ განვსაზღვრავ, ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ანალოგიური სარჩელით მიმართა გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს ზურაბ ჯაფარიძემაც.
„გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან მოითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის მიმართვას 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, სასამართლოც იმავეს იტყვის, რა გადაწყვეტილებაც პარლამენტმა მიიღო.
„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, არ სჯერათ ჩვენი.
ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივრეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმავეს იტყვის, იქიდან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ვფქრობ, ორი აზრი ვერ იარსებებს. დისკრეცია არის დისკრეცია საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.