კორძაია: დღეს დამტკიცებული მთავრობა ამაღამვე უნდა გადადგეს

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ „დღეს დამტკიცებული მთავრობა ამაღამვე უნდა გადადგეს”. ამის შესახებ მან აქციაზე TV პირველთან ჩართვის დროს ისაუბრა.

„მე მინდა, მივმართო ირაკლი კობახიძეს – ხომ ხედავ, რომ ეს ხალხი ოპოზიციას არ მოგვიყვანია, ისინი თავისით გამოვიდნენ, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჭკუიდან გადავიდნენ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დღეს გამოაცხადე. ეს ხალხი დღეს სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიყვანა საქართველოში – ხალხნო, თუ ვინმეს გჯერა, რომ მომავალი აქვს ამ ქვეყანას, დღეს უნდა გამოხვიდეთ. დღეს არის მოქმედების დრო, ახლა, ამ წუთას, როცა ადამიანები აქ ვართ, ვიკრიბებით, იმიტომ, რომ არ გვინდა, მომავალი წაგვართვან.

მე არ მინდა, რომ ჩემი შვილები წაიღოს ვიღაც ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ ვდგავარ აქ და დრო არის დათმონ და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს ამ ქვეყანაში. დღეს დამტკიცებული მთავრობა ამაღამვე უნდა გადადგეს, ეს არის ერთადერთი გზა ამ ქვეყნის და ჩვენი მომავლის ხსნის”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამარ კორძაიამ.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს – ამ განცხადების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და მობილიზებულია პოლიცია.