კორძაია: მოვითხოვთ, პროკურატურამ დააყენოს ამაღლობელის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა

პუბლიკა

პოლიტიკოსი ქალები მოვითხოვენ, პროკურატურამ დააყენოს შუამდგომლობა მზია ამაღლობელის პატიმრობის შეცვლის შესახებ.

„პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ აი ამ რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესის მონაწილეა”. – განაცხადა თამარ კორძაიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ.

მასთან ერთად იყვნენ თეონა აქუბარდია და სალომე სამადაშვილი.

აქუბარდიას თქმით, მათ მოამზადეს წერილი, რომელსაც საერთაშორიო საზოგადოებას გაუგზავნიან.

აქუბარდიამ თქვა:

„გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებაზე მუშაობს, ევროკავშირს და ჩვენს ყველა პარტნიორს, ვისთვისაც დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლა მნიშვნელოვანია.

ამ წერილს უერთდება ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ.

წერილს უერთდებიან: 

  • თეონა აქუბარდია
  • თამარ კორძაია
  • სალომე სამადაშვილი
  • ეკა ხერხეულიძე
  • თინა ბოკუჩავა
  • ხატია დეკანოიძე
  • სოფო ჯაფარიძე
  • ანა ნაცვლიშვილი
  • ელენე ხოშტარია
  • ხათუნა სამნიძე
  • ანა წითლიძე
  • ქეთევან თურაზაშვილი“.

მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მზია ამაღლობელის დაკავების, პატიმრობისა და ბრალდების კანონიერების საკითხი შეაფასა. მათი განცხადებით რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. TI ამბობს, რომ „ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო“.