„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) სარჩელები განიხილა.
„მოსამართლე თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. 16:00-ზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო სარჩელის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა, წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები, არგუმენტები და მოსაზრებები. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გარემოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სადავო გახადა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვერიფიკაციების აპარატების მოქმედებას, მათ შორის, პასპორტების გატარებას, მარკერების ხარისხის შესაბამისობა, ბიულეტენების ხარისხის შესაბამისობა, აუდიტორიული კომპანიის დასკვნების არავალიდურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საიამაც.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა, რადგან საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება.
„მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) სარჩელები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციისა და საიას სარჩელები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა. თუმცა სარჩელები გაერთიანდა.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოსამართლე 11 შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.