დღეს საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევები შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50%-ზე მეტია.
როგორც მან აღნიშნა კრიტიკულია 57 პაციენტი, აქედან 56 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება გარდაცვლილ 6 პაციენტს აღნიშნა, რომ მხოლო 4 პაციენტის შესახებ აქვს ინფორმაცია.
„ოთხივე პაციენტი არის აჭარიდან, ოთხივე ქალია და მათი ასაკი ასე ნაწილდება – 65 წლის, 76 წლის, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, “- ამბობს მარინა ენდელაძე.
მისი თქმით, რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- აჭარა – 222
- თბილისი – 133
- იმერეთი – 99
- ქვემო ქართლი – 31
- გურია – 10
- მცხეთა-თიანეთი – 10
- შიდა ქართლი – 7
- სამეგრელო- ზემო სვანეთი – 5
- კახეთი – 3
- სამცხე-ჯავახეთი- 1
- იმპორტირებული შემთხვევა – 4
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სწავლა ერთი კვირით გადაიდო და 12 ოქტომბრის ნაცვლად 19 ოქტომბერს განახლდება. ამის მიზეზი რამდენიმე ბაღის პედაგოგის დაინფიცირება გახდა. საუბარია 3 საბავშვო ბაღის აღმზრდელზე.
შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ტესტირება საერთო ჯამში, 430 პირს ჩაუტარდა. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა.
აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა., “- ამბობენ სამსახურში.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 11271
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6119
- მათ შორის გარდაცვლილი – 78
- კარანტინის რეჟიმში – 5590
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41