კორონავირუსი | 11 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი და  208 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 194
  • აჭარა – 172
  • იმერეთი – 117
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 16
  • გურია-7
  • შიდა ქართლი – 7
  • ქვემო ქართლი – 4
  • კახეთი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • მცხეთა-თიანეთი – 1

თბილისი

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ, აღნიშნულ  საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი გადაიდო, ხვალ არ განახლდება. მისი თქმით, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა სასწავლო პროცესის დასაწყებად, თუმცა ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უფრო დეტალურად განიხილავენ არსებულ მდგომარეობას.

რუსთავი

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ფოლკლორული ანსამბლის „თუთარჩელას“ ახალგაზრდა გუნდის 32 წევრიდან 30-ს, მათ შორის ანსამბლის ხელმძღვანელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.  როგორც „რადიო თავსიუფლებას“ „თუთარჩელას“ ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ უთხრა, ინფიცირებულებს დაავადების სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. ინფიცირებულები თბილისის კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. ანსამბლის წევრებს შორის კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა 3 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს, ბანკის თანამშრომელსა და ბაღის მასწავლებელს.

მისი განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა დეზინფექცია და ინფიცირებულის კონტაქტები იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ბაღის თანამშრომლის კონტაქტებიც ასევე, იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

კინიკა „ენელაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, სადაც ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესიტება, კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, კლინიკაში მუშაობს ე.წ. სარეზერვო მედპერსონალი.

იმერეთი

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გრძელდება კონტაქტების ძიება.

ფოთი

დღეს ასევე ცნობილი გახდა ფოთში დადასტურებული ერთი შემთხვევის შესახებ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 39 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 18, თვითიზოლაციაში კი 76 პირი რჩება.