საქართველოში 17 სექტემბრის დილის მონაცემებით კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 2 937 გახდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1 422.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე განაწილდა:
- აჭარა – 126;
- იმერეთი – 16;
- თბილისი – 15;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7;
- მცხეთა-მთიანეთი – 7;
- გურია – 4;
- კახეთი – 4.
ბათუმი
ბათუმში კორონავირუსი დაუსდატურდა 2 ადვოკატს, ამის გამო საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. როგორც „პუბლიკას” ადმინისტრაციაში განუცხადეს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს დისტანციურად სხდომაზე მონაწილეობის ტექნიკური შესაძლებლობა არ ექნება, პროცესი სხდომათა დარბაზში ჩატარდება და მასზე დასწრებას მხოლოდ მხარეები შეძლებენ.
დღის განმავლობაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ევექსის ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმიური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელსაც. ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მერიაში კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულია მერის მოადგილე და საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი.
თბილისი
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში.
კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ თანამშრომელსაც. თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება.
„ამ პიროვნებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს“, – აცხადებენ მერიაში.
ლაგოდეხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელის ნუნუ ნოზაძის თქმით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ოზურგეთი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ოზურგეთში დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასევე, ინფიცირებულია მცირეწლოვნის ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებსაც ინფექცია ორი დღის წინ PCR-ტესტით გამოუვლინდათ.