დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.
„მასთან ერთად გადმოიყვანეს კიდევ 3 პაციენტი. ანუ სულ, აფხაზეთიდან – 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და 20 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 20 გარდაცვლილი გვყვავს და სიკვდილობის მაჩვენებელი გახლავთ 0.52%“,- თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. 21 სექტემბრის განახლებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთი:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3695;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1534;
- გარდაიცვალა – 20;
- კარანტინის რეჟიმში – 4988;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.
193 ახალდადასტურებული შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:
- აჭარა – 92;
- იმერეთი – 53;
- თბილისი – 31;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8;
- გურია – 7;
- რაჭა-ლეჩხუმი – 1;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.
დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 2131 კოვიდადასტურებული პაციენტი.
“კოვიდცენტრებში არსებული პაციენტებიდან 16 კრიტიკულად მძიმეა. ეს ჯამში არის 0,4%“, – ამბობს ეზუგბაია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დადასტურდა სენაკში, სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში. სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა მოსწავლე და პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.