კორონავირუსი | 24 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

24 სექტემბერს საქართველოში ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ვირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. ის 70 წლის იყო და აღენიშნებოდა მძიმე თანმხლები დაავადებები, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 164;
  • თბილისი – 34;
  • იმერეთი – 22 (15 – ქუთაისი, 3 – წყალტუბო, 1 – თერჯოლაში და საჩხერეში, 2 – ბაღდათი);
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 15;
  • გორი – 1;
  • მარნეული – 1;
  • მცხეთა – 1;
  • საზღვარგარეთიდან შემოტანილი – 5 შემთხვევა.

ენდელაძის ინფორმაციით, „ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ყველაზე მეტი, 8 კრიტიკული პაციენტი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 – სულ თბილისში, გორშიც 2-ია. შედარებით მცირეა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა სხვა რეგიონებში – საჩხერეში 2 და ქუთაისში 3 კრიტიკული პაციენტი.“

აჭარა

აჭარაში ყველაზე მეტი, 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის კოვიდკლინიკებში 497, ხოლო კოვიდ კარანტინში 694 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 47 არასრულწლოვანი და 14 ფეხმძიმე კოვიდკარანტინში არიან გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში COVID19-ით 5 პირი დაინფიცირდა. კორონავირუსი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს დაუდგინდათ. უცნობია ინფიცირების წყარო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო მუშაობას ნაწილობრივ დისტანციურად აგრძელებს. პროცესებზე მხოლოდ მხარეები დაიშვებიან, აკრძალულია სხდომათა დარბაზში პროცესზე დამსწრეთა დაშვება, ბრალდებულები კი განხილვას ონლაინ რეჟიმში დაესწრებიან.

აჭარის რეგიონში გაზრდილმა შემთხვევებმა რიგი შეზღუდვების გამკაცრება გამოიწვია. ხვალიდან, 25 სექტემბრიდან რესტორნები მხოლოდ 22:00-მდე იმუშავებენ, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ზეგიდან შეზღუდვა შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მატარებლების მიმოსვლა არ შეჩერდება.

იმერეთი

იმერეთში დღეს 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 15 – ქუთაისი, 3 – წყალტუბო, 1 – თერჯოლაში და საჩხერეში, 2 – ბაღდათში.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის და მაღაზიის კლასტერებს უკავშირდება. ის ამბობს, რომ 11 შემთხვევის წყარო უცნობია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

რუხის კლინიკის მენეჯერის, ნინო აკობიას ინფორმაციით, ახალი კოვიდინფიცირებული 16 პაციენტი ზუგდიდიდან და 2 ხაიშიდან შეიყვანეს. მისი ინფორმაციით, 18-დან  ხუთი არასრულწლოვანია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტია მოთავსებული სულ. ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

გორი

გორში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ ადამიანს, სოფელ ნადარბაზევში მცხოვრებ მამაკაცს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, არამედ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო მიმართა კლინიკას, სადაც კოვიდზე ჩატარებული პრევენციული ტესტირებისას ინფიცირება დაუდასტურდა.

კახეთი

კახეთში კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, აჭარაში მოგზაურობის ისტორიით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ კახეთში კიდევ 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები არიან.

კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა ყვარელსა და ლაგოდეხში, ამ დროისთვის, რეგიონში სულ 45 კოვიდინფიცირებულია.