კორონავირუსი | 25 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid-19-ით გარდაიცვალა 27-ე პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

  • აჭარა – 165;
  • იმერეთი – 27;
  • კახეთი – 6;
  • თბილისი -43;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • სამცხე-ჯავახეთი -4;
  • ქვემო ქართლი – 3;
  • შიდა ქართლი – 2.

მარინა ენდელაძემ დილით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქტიური საქმეებიდან 17 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.


აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი, 54 წლის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ 20 სექტემბერს შეიყვანეს.

„მამაკაცს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის განცხადებაში.


დღეს ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები კლინიკაში, მათთან კავშირში მყოფი პირები კი, იზოლაციაში გადაიყვანეს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.


გურიაში 3 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. შემთხვევების ზრდის გამო,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გუშინ გადაადგილება შეიზღუდა.

ოზურგეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.


ქუთაისის ლაბორატორიაში  კორონავირუსზე 1 768 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და მათგან 27 პასუხი დადებითი აღმოჩნდა.