კორონავირუსი | 28 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid-19-ით გარდაიცვალა 4 პაციენტი.

საერთო ჯამში დღემდე საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5552 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 2054 პაციენტი, გარდაიცვალა – 32.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

• აჭარა –  175;
• იმერეთი – 38;
• თბილისი – 32;
• გურია – 16;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14;
• სამცხე-ჯავახეთი – 11;
• ქვემო ქართლში – 7;
• კახეთში – 4.

ზუგდიდი

ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა 14 მოსწავლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, მათი ინფიცირება რეპეტიტორს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ე.წ. „ოქროს ბირჟის“ კლასტერია.

მისივე თქმით, სამი სკოლა, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ გარკვეული კავშირი,- რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი დისტანციურად განაგრძობენ სწავლებას.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი“,- განმარტა მან.

გურია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინერეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

მისი განმარტებით, 16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება.

ამასთან, მისივე თქმით, ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ფოთი

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ თვითიზოლაციაში მყოფ ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. მისივე ცნობით, ქალს რესპირატორული სიმპტომები მე-12 დღეს გამოუვლინდა და „პისიარ“ კვლევამ დადებითი პასუხი ანახა. პაციენტი ფოთის კოვიდ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის 26 კონტაქტია გამოვლენილი, ნიმუშები გაგზავნილია კვლევისთვის ლაბორატორიაში და პასუხი სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი.

წნორი

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს გეგმური შემოწმების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, ილია დემეტრაშვილმა განუცხადა.

როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.

რუსთავი

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 298 დადასტურებული შემთხვევიდან, 2 რუსთავში დაფიქსირდა.  რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ორივე შემთხვევა, გასულ დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.