კორონავირუსი | 29 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოვლენილი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება.

„დაემატა 314 ახალი პაციენტი. კვლავ ლიდერობს აჭარა 72 პროცენტით, ეს არის 225 შემთხვევა, თბილისში არის ცხრა პროცენტი – 35 პაციენტი, იმერეთში 22 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, შიდა ქართლში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთში – სამი, გურიაში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ დილით ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობას გადის 3 542 ინფიცირებული, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

33-ე გარდაცვლილი – 55 წლის ქალია, რომელიც 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

34-ე გარდაცვლილი კი 70 წლის კაცია. „პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ  კორონავირუსით კიდევ ერთი, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

„პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის” კლინიკურმა, მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის ასაკის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.