დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი Stopcov.ge-ის დილის მონაცემებით, 252-ით გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
• აჭარა – 370;
• თბილისი – 65;
• იმერეთი – 63;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 28;
• ქვემო ქართლი – 11;
• შიდა ქართლი – 6;
• გურია – 6;
• მცხეთა-მთიანეთი – 4;
• კახეთი – 1.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. პაციენტს, 90 წლს კაცს COVID -19-თან ერთად, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და ტვინის ინფარქტი ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ანამნეზში პარკინსონის დაავადება აღენიშნებოდა.
მეორე გარდაცვლილი 82 წლის პაციენტი იყო, რომელსაც COVID-19-თან ერთად, სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა. იგი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. საავადმყოფოს მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ პაციენტს ინფექცია ბათუმში დაუდასტურდა და კორონავირუსთან ერთად, სისხლჩაქცევა, გულისა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუთიძე ადასტურებს.
„ხუთი შემთხვევა დაბა ლაითურშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი, სოფელ მერიაში. ლაითურელი ოთხი პირი ერთი ოჯახიდანაა. ერთი, ანუ მეექვსე ინფიცირებული კი სოფელ მერიას მკვიდრია. ამჟამად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოს კლასტერს განეკუთვნება.
თორიას განცხადებით, ორი ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი შემთხვევა კი ზუგდიდში გამოვლინდა, რომელთაგანაც ერთი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლის კონტაქტია. მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულებს შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრიც, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ფოთში გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ 43 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და მიღებული პასუხებიდან ორი დადებითია, რომლებიც ინფიცირებულთა კონტაქტები არიან.
4 ოქტომბრის Stopcov.ge-ის 22:30 სთ-ის მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8118;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4244;
- მათ შორის გარდაცვლილი – 50;
- კარანტინის რეჟიმში – 5392;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.