კორონავირუსი | 5 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

დღეს, 5 ოქტომბერ,ს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი Stopcov.ge-ის მონაცემებით, 375-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 416;
  • თბილისი -72;
  • იმერეთი – 44;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23;
  • ქვემო ქართლი – 10;
  • გურია – 8;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • კახეთი – 1;
  • შიდა ქართლი 1.

„45 არის კრიტიკული, აქედან 43 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც – “არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი”. – თქვა მან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, აქედან კრიტიკულ მდგომარეობაშია 36 პაციენტი.

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ქუთაისში ორი სკოლა. ვირუსი დაუდასტურდა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს, რის გამოც ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

კორონავირუსთან დაკავშირებული რისკის გამო განცხადება გაავრცელა ფეხბურთის ფედერაციამაც – “ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ 18 ოქტომბრამდე დაიხურა “ოქროს ბირჟა”, ვინაიდან რამდენიმ თანამსრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.