კორონავირუსი და ორსულობა – გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადება

პუბლიკა

გაეროს მოსახლეობის ფონდი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადნი COVID-19 ვირუსის მიმართ, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.

„სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.

ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ COVID-19 ვირუსი აქვთ ან ინფიცირება დაუდასტურდათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

ვრცლად გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.