გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი ინფექციის დადასტურებამდე წირვას დაესწრო.
ტაძარი უკვე დაკეტილია. ჟურნალისტებს ამ ტაძრის ერთ-ერთმა მოძღვარმა, მამა იოანემ განუცხადა, რომ ქალი დაახლოებით 10 დღის წინ ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად მივიდა.
„ჩემი მრევლი არ იყო. მოვიდა აღსარების სათქმელად და წავიდა. დაახლოებით, ათი დღის უკან იყო და გუშინ აღმოაჩნდა. დღის განმავლობაში ტაძარში ხალხი იყო”, – განაცხადა მამა იოანემ.
ტაძრის მიმდებარედ მცხოვრებლები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ტაძარი გუშინ საღამოს დაიკეტა, სასულიერო პირების საცხოვრებლებიც იქვეა განთავსებული და ისინი შიგნით იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ტაძარი, დროგამოშვებით, სველი წესით მუშავდებოდა და დეზინფექცია უტარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელი იყო. „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს მეტი დეტალის გასაგებად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.