კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა - მიქელაძე

პუბლიკა

დღეს კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 – აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღეს აღებული 6 ტესტიდან სამი დადასტურდა, მათ შორის არის აჭარაში ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში მყოფი ჩრდილო ევროპის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე.

„მას თავის ქვეყანაში გამოფრენამდე ჰქონდა ჩატარებული კვლევა ამ ინფექციაზე, ოღონდ, ჩვენ არ ვიცით, როგორი მეთოდით და მიიღო დღეს დილით შეტყობინება, საეჭვო დადასტურებასთან დაკავშირებით. შეგვატყობინა და გადაიყვანეს ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში, ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი.

ის ქვეყანა, საიდანაც ეს ადამიანია, გამოითქვა სურვილი და აგზავნის სპეცრეისს და გვიან ღამით ის დაბრუნდება სამშობლოში, მერე კითხვები რომ არ იყოს, რატომაა ერთით ნაკლები კლინიკურ საავადმყოფოში“, – უთხრა ჟურნალისტებს მიქელაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ერთ-ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და წესებს იცავდა. რაც შეეხება მესამეს, ის ქვეყანაში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და მისი კონტაქტები დგინდება.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 61
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 3320
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235