ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინიფიცრებული ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო მარნეულია.
მისი თქმით, აღნიშნული პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფებიან.
რაც შეეხება ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის პირველ ნახევარში გამოკვლეულ 10 პაციენტზე მიიღეს უარყოფითი პასუხი, კიდევ 10 პაციენტს დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდა ტესტირება, მათი კვლევის შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტია მოთავსებული. ექიმის ცნობით, 4 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.
„ამ 4 პაციენტიდან 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. ერთი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად – ასაკოვანი ქალბატონია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ცნობით, უახლოეს დღეებში, სხვა პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან.