კორონავირუსის ფონზე მიკროსაფინანსოებმა სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს - საქალაქო სასამართლო

პუბლიკა

თბილისის საქალაქოს ცნობით, მას შემდეგ რაც სასამართლომ მოუწოდა მოქალაქეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაზარდეს სასამართლოსადმი მომართვიანობა.

„მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.

თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით – ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.

იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ”, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ ვიზიტი და აცხადებენ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.