კორონავირუსის გამო კლუბი BASSIANI დროებით დაიხურა

პუბლიკა

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კლუბი „ბასიანი“ დროებით დაიხურა, – ინფორმაციას „ბასიანის“ მენეჯმენტი კლუბის Facebook-გვერდზე ავრცელებს.  მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის განვითარებასთან ერთად გახდება ცნობილი.

„მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.

გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად.

გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას.

ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს – ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა კლუბი „მტკვარზეც“.


საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.  stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით 124 518  შემთხვევაა დადასტურებული, COVID 19-ით გარდაიცავალა 4 607 ადამიანი.

გუშინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.