კორონავირუსის გამო საქართველომ ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს.

თუმცა ამის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ბოლო პერიოდში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მეზობელი ქვეყნებისთვის.

ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო, ირანში მოგზაურობაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 80 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მათგანი – ჩინეთს გარეთ.