შსს სასაზღვრო პუნქტებში გამკაცრებულ კონტროლზე ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების განცხადებით, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ.
რაც შეეხება მგზავრებს, შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ამოწმებენ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს. ასევე სხვა ქვეყნის ან საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დადგენილია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.
ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.
თუმცა, შსს-ს განცხადებით, საქართველოში ყოველდღიურად 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. შესაბამისად, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.
„მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.
აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, უწყების ინფორმაციით, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ატარებს სამედიცინო პროცედურებს.