კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიული შანსი არსებობს – გამყრელიძე

პუბლიკა

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსისა და სავარაუდო რისკის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ვირუსის საქართველოში გავრცელების  რისკი მინიმალურია, თუმცა შანსი არსებობს.

კორონავირუსი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში აღინიშნა 31 დეკემბერს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირებულია 300-მდე შემთხვევა, აქედან – 6 გადაცვალება.

„იმის გამო, რომ შორს ვართ ამ პროვინციიდან და არ არის  საქართველოში პირდაპირი ფრენა,  რისკი მინიმალურია. თუმცა, გავრცელების თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არის. მით უმეტეს რომ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა ვითარდება და ჩინეთიდან ამდენი მოქალაქე შემოდის“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, მათ აქვთ შიდა კონსულტაციები და ჩამოყალიბებული სამუშაო გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ამ საკითხზე, როგორც გამყრელიძე ამბობს, ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაც იგეგმება.


რა არის კორონავირუსი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MEღშ-ჩოV და შAღშ-ჩოV. ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში.

კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ შAღშ-ჩოV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MEღშ-ჩოV-ის შინაური აქლემისგან. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან?

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

· რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
· ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
· თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან ან გარეულ ცხოველებთან;
· რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
· სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.