კორონავირუსის გავრცელების ტემპი ჩქარდება - ჯანმო

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 300 000-ს გადააჭარბა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ პანდემია სულ უფრო „ჩქარდება“.

ვირუსის გავრცელების ტემპმა ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა. მაშინ, როცა პირველი შემთხვევიდან 100 000 შემთხვევამდე ასვლას 67 დღე დასჭირდა, მეორე 100 000 შემთხვევას 11 დღე დასჭირდა, 200 000-დან 300 000-მდე ასვლას კი – მხოლოდ 4 დღე.

თუმცა, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრიესუსი ამბობს, რომ „ტრაექტორიის“ შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ქვეყნებს მოუწოდებს, მიჰყვნენ ჯანმოს რეკომენდაციებს – აგრესიულ ტესტირებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების ძიებას.

„ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას მოვიმოქმედებთ. საფეხბურთო მატჩის მოგება დაცვაში ყოფნით არ შეგიძლია, უნდა შეუტიო“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა FIFA-ს პრეზიდენტთან ჯანი ინფანტინოსთან ერთობლივ კონფერენციაზე. ჯანმო FIFA-თან ერთად, ფეხბურთელების ჩართულობით იწყებს ახალ კამპანიას – „შეუტიე კორონავირუსს“.

ტედროსის თქმით, თვითიზოლაცია, სახლებში დარჩენისკენ მოწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ არასაკმარისი. „გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა შევუტიოთ ვირუსს აგრესიული და მიზანმიმართული ტაქტიკით – ჩავუტაროთ ტესტირება ყველა საეჭვო შემთხვევას; გავუკეთოთ იზოლაცია და ვიზრუნოთ ინფიცირებულებზე და მოვიკვლიოთ, შემდეგ კი კარანტინში მოვაქციოთ მათი ყველა ახლო კონტაქტი“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.