კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ციხეებში პაემნები დროებით შეიზღუდება

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ციხეებში სპეციალური წესები ამოქმედდა, რაც სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა, კერძოდ:

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.

დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.