ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს არ ასცდება, ხოლო საერთო ჯამში 1000-ს არ გადააჭარბებს.
მისივე თქმით, პიკი დადგება ორი, სამი კვირის შემდეგ. ამდენივე ხანს შენარჩუნდება და თვე-ნახევარში ეპიდემია წავა ქვემოთ.
„იმ ქვეყნებში, სადაც შიდა გავრცელება დაიწყო, ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა – ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები…
ჩვენთან, მარნეულის შემდეგ, რაც შიდა გადაცემა დაიწყო (ანუ, როდესაც ავადმყოფი ვერ ასახელებს კონტაქტს), გავიდა 10-12 დღე მაინც. მატება ფიქსირდება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი.
ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა, იგივე, რაც წინა სტადიისთვის – ერთი, ორი, სამი შემთხვევა.
ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს თუ ორი ათეული ფიქსირდება, შეიძლება გვყავდეს, ორი, სამი ან ოთხი ათეული, მაგრამ, ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ამას ინფექციის გავრცელების დინამიკა აჩვენებს.
მარნეულში კი დაფიქსირდა შიდა გავრცელება, მაგრამ იმდენად სწრაფად იქნა ლოკალიზებული, რომ ინფექციამ გავრცელება ვერ მოასწრო. მარნეულიდან და ბოლნისიდან სულ 2-3 ათეული შემთხვევა წამოვიყვანეთ. ვერ მოასწრო გავრცელება, იგივე მოხდა სამეგრელოში, იგივე სხვაგან. შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება მანამ, სანამ მართლაც შიდა გავრცელებას მოასწრებს.
ჩემი პროგნოზით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს ან ცუდ შემთხვევაში იქნება 1000-სა და 2000-ს შორის.
პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ. ეს არ ეფუძნება მტკიცებულებებს და ჩემი ვარაუდია, მაგრამ ეყრდნობა ჩემს გამოცდილებას. ეს პიკი არ იქნება აფეთქება. ეს იქნება მდორე პიკი. პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის განმავლობაში და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. ასე რომ, ვვარაუდობ, საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით და მერე უნდა გავაგრძელოთ ურთიერთსოლიდარობით ცხოვრება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.