კორონავირუსის მქონე მოქალაქის კონტაქტები ჩვენს რეგიონში რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება - მოწერელია

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს  რეგიონში რამდენიმე ლოკაციაზე ჰქონდა ადამიანებთან კონტაქტი. მისი თქმით, კონტაქტების უმრავლესობა გამოვლენილია და გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

„გვაქვს ასეთი შემთხვევა რეგიონში, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამჟამად იმყოფება კლინიკაში თბილისში, მას 27 მარტს ჰქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში, რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები – ეს არის როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე დღეს გამოვლენილია. მოქალაქეები აუცილებლად იქნებიან გადაყვანილი კარანტინში. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით  დეტალების შესახებ არ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, დანარჩენ ინფორმაციას კი პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით არ გაასაჯაროებს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –157;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344;
  • გარდაიცვალა 1 პაციენტი.