ჩრდილო იტალიის რამდენიმე ციხეში კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების (მათ შორის, ვიზიტების) გამო, პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ბუნტის შედეგად 6 პატიმარი დაიღუპა, ციხის დაცვის რამდენიმე წევრი კი პატიმრებმა მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებში მკაცრი საიზოლაციო ზომები გაატარა.
„რამდენიმე სერიოზული აჯანყება მოხდა ქვეყნის მასშტაბით”,– განაცხადა იტალიის ციხის ადმინისტრაციის უფროსმა, ფრანჩესკო ბატესტინიმ.
იტალიის იუსტიციის მინისტრის ცნობით, რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ცეცხლიც წაუკიდეს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია.
ციხის დაცვის წევრების ცნობით კი, ჩრდილო იტალიის ქალაქ პავიაში პატიმრებმა დაცვის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. მათი გათავისუფლება მხოლოდ პოლიციის რეიდის შედეგად მოხერხდა.
ციხეებში პატიმრებსა და მნახველებს შორის პირდაპირი კონტაქტი იტალიის ხელისუფლებამ 8 მარტს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდა. 22 მარტამდე პატიმრებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონის ან სხვა დისტანციური საშუალებების გამოყენებით შეეძლებათ.