კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო 20 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - სამინისტრო

პუბლიკა

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სამინისტროს ხელთ არსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ქალაქებში –  თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი, სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.

„დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის”, – აღნიშნავს დგებუაძე.

როგორც ის ამბობს, განათლების სამინისტრომ შესთავაზე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის, დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ.

სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.

სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.