კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი მუშაობას აჩერებს და მის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
აჭარის ტელევიზიაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამდე, სანამ არ იქნება დაცული როგორც თანამშრომლების, ისე რესპონდენტების უსაფრთხოება და არ გაიცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი რეკომენდაცია.
გუშინ გვიან ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება. მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა „პირველ არხთან“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.