კანონპროექტი კორონავირუსის შეზღუდვების წლის ბოლომდე გაგრძელებაზე და ოპოზიციის კრიტიკა

პუბლიკა

პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ. აღნიშნული კანონპროექტით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოქმედების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

რიგგარეშე სესიაზე დასასწრებად „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტი დროებით შეწყვიტა. საპარლამენტო ოპოზიცია – „ევროპული საქართველო“, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები – კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შეზღუდვის იარაღად აღიქვამენ. სესიას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, ეს ინიციატივა პარლამენტს აკნინებს და მთავრობას ზედმეტ უფლებამოსილებას აძლევს.

„პარლამენტის წევრები რომ პარლამენტს აკნინებთ ამ ინიციატივით და აძლევთ ასეთ უფლებას მთავრობას. ეს არ არის ამ პანდემიის თემა; ეს არ არის ამ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვირუსი იქნება თუ არ იქნება, ეს ვალდებულება სახელმწიფოს აქვს, მაგრამ რას გეუბნებათ იცით, კონსტიტუცია? – საკუთრების უფლებას რომ შეზღუდავ მასიურად, გადაადგილებას, შეკრებას, გამოხატვის თავისუფლებას, პარლამენტში მიდი და პარლამენტს ნებართვა ჰკითხეო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის არგუმენტს დემაგოგია უწოდა.

„თავი დაანებეთ დემაგოგიას და რეალური მიზეზი თქვით, რატომ ახანგრძლივებთ აღნიშნული კანონპროექტის მოქმედებას. კერძოდ, რატომ თიშავთ პარლამენტს აქტიური ქმედებებიდან კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში? ნება იბოძეთ და მოგვახსენეთ, რა რეგულაციები მიიღო მთავრობამ და რაში გამოიყენა ეს კანონი 22 მაისიდან დღემდე“, – მიმართა გოგორიშვილმა მომხსენებელ დიმიტრი ხუნდაძეს.

დეპუტატების ნაწილი დაინტერესდა, როგორია ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა საქართველოში. ზურაბ ჭიაბერაშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს შეახსენა, რომ მისწერეს წერილი კითხვით – როგორ მდგომარეობაშია ჰოსპიტალური სექტორი, თუმცა, მისივე განცხადებით, ხუნდაძისგან პასუხი არ მიუღია, რაც კანონდარღვევაა.

„რა გაშინებთ ისე, რომ ასეთ ანტიკონსტიტუციურ კანონს სთავაზობთ საზოგადოებას?“, – იკითხა ჭიაბერაშვილმა.

„მეორე ტალღის პროგნოზთან დაკავშირებით მეტი საგნობრივი მსჯელობა უნდა მიდიოდეს, რაც არ ხდება: რას გულისხმობს მეორე ტალღა, როგორია პროგნოზი, რამდენად არის ჰოსპიტალური პირველადი ჯანდაცვა მზად, ტესტირებების შედეგები და ა.შ. აქ უნდა იყოს თვისობრივი მსჯელობა, რასაც არ აკეთებთ და რომც დაგიჯეროთ, რომ გაქვთ კარგი განზრახვა, ძნელია გამოყოლა, იმიტომ რომ კითხვებზე პასუხს თავს არიდებთ ან არ გაქვთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კი განაცხადა, რომ ამ კანონის ინიცირება სახელმწიფოს ვნებს და ხელისუფლების ბალანსი ზიანდება.

„ყველაზე ჰუმანური, ჯანდაცვის სისტემით ცდილობთ, რომ ავტორიტარიზმი გამყარდეს“, – განაცხადა ჯაშმა და დაამატა, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურთან ერთად, ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებაა.

„თუკი გაქვთ სურვილი გადავადების, რატომ არ ხდება საშემოდგომო სესიამდე, როდესაც პარლამენტს სექტემბერში შეუძლია კვლავ შეიკრიბოს და თუნდაც ანგარიში ჩაგვაბაროს მთავრობამ, რა მოხდა ამ პერიოდში ან რატომ არ ხდება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე? პირველი იანვარი არის ალოგიკური“, – განაცხადა ჯაშმა.