მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
Covid-19-ის პანდემიის დასასრულებლად და მსოფლიოს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია, რომ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვირუსისადმი იმუნიტეტი ჰქონდეს. იმუნიტეტის შესაქმნელად კი მათი ვაქცინაციაა საჭირო. პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უპრეცედენტოდ მცირე დროში რამდენიმე ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს – ეფექტურობის განსხვავებული მაჩვენებლით. თუმცა 10-ზე მეტია ისეთი ვაქცინა, რომელიც სულ მცირე ერთ ქვეყანაში მაინცაა გამოყენებისთვის ავტორიზებული. ამას გარდა, არსებობს ათეულობით კანდიდატი ვაქცინა და მიმდინარეობს 200-ზე მეტი კვლევა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 2 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინების 101 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.
იმუნიზაციის პროცესი ქვეყნებში სხვადასხვა ეტაპზეა, თუმცა უმეტესგან ჯერ კიდევ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების აცრა ხდება – ასაკის, პროფესიის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. მონაცემთა ბაზა ძირითადად, ქვეყნების ჯანდაცვის ოფიციალური უწყებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
რამდენი ერთეული დოზაა გაკეთებული სულ?
მსოფლიოში კი ვაქცინაციის კურსი დასრულებული აქვს მოსახლეობის მხოლოდ 0.14 %-ს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად, საგანგებო გამოყენებისთვის ორი ვაქცინაა ავტორიზებული – „ფაიზერ-ბიონტექისა“ და „მოდერნას“ წარმოებული ვაქცინები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და დიდ ბრიტანეთში ამ ორი ვაქცინის გარდა, დამტკიცებულია „ოქსფორდ/ასტრაზენეკას“ ვაქცინაც.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ვაქცინების მონიტორინგის პროექტის თანახმად, მკვლევრები ახლა 67 ვაქცინას ტესტავენ ადამიანებზე. 20 კი უკვე კვლევის საბოლოო ეტაპზეა გადასული. სულ მცირე 90-მდე ვაქცინა კი ამ ეტაპზე ჯერ ცხოველებზე მიმდინარე გამოკვლევების ეტაპზეა.