კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექთანს გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკურში) კორონავირუსით დაღუპული 20 წლის პაციენტის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდების მხარე თეა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, ექთნის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

IPN-ის ცნობით, სხდომაზე ექთანმა განაცხადა, რომ მას საქმიანობაში გადაცდომა არ ჰქონია.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან, ამავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ.

ამასთან საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, რეალურად კი მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.