კორონავირუსით დღეს აშშ-ში 1400-მდე ადამიანი დაიღუპა - რა ხდება სხვა ქვეყნებში

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ამ დროისთვის 14 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. გაზრდილია სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელიც – დღეს ქვეყანაში ვირუსს 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მონაცემების განახლებასთან ერთად დღის ბოლომდე რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ამ დროისთვის სიკვდილიანობის დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელს ჩამორჩება, მაგრამ ყველა სხვა დღეზე მეტია.

ჯერჯერობით, მცირეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. დღეს შტატებში 10 508 შემთხვევაა დაფიქსირებული, განსხვავებით გუშინდელი 33 000-ზე მეტი შემთხვევისა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევები იკლებს ესპანეთში, რომელიც ინფიცირების საერთო რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. დღეს ესპანეთში 4 748 შემთხვევაა დაფიქსირებული და 628 გარდაცვალება. ეს მაჩვენებლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მცირეა. ასევე, ქვეყანაში პოზიტიურ მოლოდინს აჩენს ზოგადად კლებისკენ მიმართული დინამიკა.

ბოლო ორ დღესთან შედარებით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში – დღეს 3836 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მცირედით მეტია წინა დღეებზე, თუმცა ზოგადი კლების ტენდენცია, ჯერჯერობით, აქაც გრძელდება. თანაც, წინა დღეებთან შედარებით, მცირე იყო დღეს სიკვდილიანობის რაოდენობაც – 542.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ცოტა ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა დღეს გერმანიაშიც. ამ დროისთვის იქ – 2039 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ბევრად ჩამორჩება წინა დღეების მაჩვენებლებს. ასევე, მცირეა გარდაცვლილთა რაოდენობაც – 89.

კორონავირუსის გავრცელება იმატებს დიდ ბრიტანეთში. დღეს გაერთიანებულ სამეფოს 5 491 ახალი შემთხვევა და 938 ახალი გარდაცვლილი დაემატა. ასევე, წინა დღეების მიხედვით, ჯერჯერობით, პიკი არ გაუვლია საფრანგეთსაც, თუმცა პარიზში დღევანდელი მონაცემები ჯერ არ განუახლებიათ.