კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალებაზე გამოძიების დასაწყებად ხვალ პროკურატურას მიმართავს.

როგორც გაიოზ ჩარკვიანმა „პუბლიკას“ განუცხადა, მისი პოზიციით, გამოძიების დაწყების საფუძველი არის ის, რომ 20 წლის ჯანმრთელი ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომელთაც გამოკითხვის დროს წარადგენენ საგამოძიებო უწყებაში.

„პუბლიკის“ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საავადმყოფოსა და ექიმების არასათანადო მუშაობას,  გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ უნდა დაველოდოთ განცხადების შეტანის პროცედურას და შემდეგ გაკეთდება დეტალური განცხადებაც.

„მე ვარ მოქმედი ადვოკატი და ვიცი, რა დროს რა მტკიცებულებები უნდა წარვადგინო, ისე, რომ არ დავასწრო მოვლენებს. ყველა მტკიცებულების წარდგენას აქვს ვადა და ნორმა. ვიცი თქვენი ჟურნალისტური დაინტერესება, მაგრამ არის გამოძიების ეტაპები, სამართლებრივი ჭრილიდან არ ვაპირებ გასვლას“, – განუცხადა „პუბლიკას“ გაიოზ ჩარკვიანმა.

მისივე ინფორმაციით, 7 სექტემბერს ბრიფინგს 12:00-ზე გამართავს.

კორონავირუსით ინფიცირებული ვახტანგ ჩარკვიანის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ ცნობა 10 სექტემბერს გავრცელდა.