საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 818 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 686-ს მიაღწია.
გუშინ საღამოს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მარნეულის მერიაში „პუბლიკას“ განუცხადეს, ორივე ინფიცირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოდანაა.
კარანტინის რეჟიმშია 2902 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 პირი რჩება. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის წარდგენამდე ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 ახალი შემთხვევის წყარო კი უცნობია.
„კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.